logo
ENG



"დარტყმა პუტინის უსირცხვილო პროპაგანდისტებს" - ბრიტანეთი რუსულ მედიას ახალ სანქციებს უწესებს

31 მარ 202216:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/hvic2qyc13sz56j.jpg
Russian Look / Alamy

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა დამატებით 14 ინდივიდისა და ორგანიზაციისთვის დაწესებული სანქციები გამოაცხადა

ახალი სანქციები შეეხება რუს პროპაგანდისტებსა და სახელმწიფო მედიებს, რომელიც, ბრიტანეთის თქმით უკრაინაში პუტინის არასამართლებრივ შეჭრაზე სიცრუეს ავრცელებენ.

სანქცირებულთა შორისაა სერგეი ბრილევი - პუტინის პროპაგანდისტი და ცნობილი ტელეწამყვანი რუსულ სახელმწიფო არხ Rossiya-ზე. ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ბრილევს, რომელიც წარსულში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, აღარ ექნება წვდომა ბრიტანეთში საკუთარ აქტივებზე და ვეღარ გააგრძელებს ბიზნეს შეთანხმებების დადებას.

ბრიტანეთი ასევე პირდაპირ უწესებს სანქციებს კრემლის დაფინანსებულ სახელმწიფო მედიაორგანიზაციებს - TV-Novosti-ს, რომელიც ფლობს პროპაგანდისტულ RT-ს (Russia Today) და Rossiya Segodnya-ს, რომელიც გამოცემა Sputnik-ს ფლობს.

RT-სთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისის გადაწყვეტილების შემდეგ ამ სანქციების მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ RT ბრიტანეთის ტელე ეკრანებზე არ დაბრუნდეს და ასევე დიდი ბრიტანეთში მომუშავე კომპანიებსა და ინდივიდებს რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიებთან RT და Sputnik-თან და ამ ორგანიზაციების მთავარ წარმომადგენლებთან ბიზნესის კეთებაში ხელს შეუშლის.

სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ალექსანდრ ჟაროვი - Gazprom-Media-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ალექსეი ნიკოლოვი -  RT-ს მენეჯმენტის ხელმძღვანელი, ანტონ ანისიმოვი - Sputnik-ის საერთაშრისო მაუწყებლობის ხელმძღვანელი.

ასევე მიხაილ მიზინცევი რუსი მეთაური, რომელიც „მარიუპოლის ყასაბადაა“ ცნობილი- ეროვნული თავდაცვის მართვისა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ის სამსახურია, სადაც მსოფლიოს გარშემო ყველა რუსული სამხედრო ოპერაცია იგეგმება და კონტროლდება.

„მეტსახელად „მარიუპოლის ყასაბი“ მიზინცევი ცნობილია ისეთი დასაგმობი ტაქტიკებით, როგორიცაა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა - 2015-16 წლებში ალეპოში და ახლა მარიუპოლში - სადაც  უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკე გრძელდება“, - წერია ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ პუტინის ომი დეზინფორმაციაზეა დაშენებული, ამიტომ სანქციების ეს პაკეტი პროპაგანდისტებს ეხება.

„უკრაინაში პუტინის ომი ტყუილების ნაკადზეა დაშენებული. ბრიტანეთი მსოფლიოს ეხმარება კრემლის დეზინფორმაციის გამჟღავნებაში და ამ სანქციების ბოლო ნაკადი დარტყმას აყენებს იმ უსირცხვილო პროპაგანდისტებს, ვინც პუტინის ცრუ ინფორმაციასა და ნარატივებს ავრცელებს.

ჩვენ გავაგრძელებთ მეტი სანქციის დაწესებას, რათა გავზარდოთ წნეხი რუსეთზე და დავრწმუნდეთ, რომ პუტინი წააგებს უკრაინაში. არავინ და არაფერია განხილვის მიღმა“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო მდივანი ლიზ ტრასი.

გაერთიანებული სამეფოს კულტურის მდივანი ნედინ დორისი კი აცხადებს, რომ პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინაში მისი ბარბაროსული ქმედებებიდან ყურადღების გადატანისკენაა მიმართული.

დორისის თქმით დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც ომის შესახებ ხალხის მოტყუებას ეცდება.

„ეს სანქციები შეეხება მათ ვინც მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გადაფარვაში. ჩვენ არ ვიყოყმანებთ ამ ინდივიდებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებებში, ვინც ცდილობს მოატყუოს ხალხი ამ მცდარი ომის შესახებ.

დიდი ბრიტანეთმა ასევე სწრაფი წესით დაუწესა სანქციები 7 სხვა ინდივიდს, რომელიც დაკავშირებულია სტრატეგიული კულტურის ფონდთან - ვისაც ახლახან სანქციები ახლახან დაუწესა ავსტრალიამ დეზინფორმაციის გავრცელებაში მათი როლის გამო. გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს რათა მიზანში ამოიღოს რუსი ოლიგარქები, ბანკები და ბიზნესები“, - აცხადებს ნადინ დორისი.


close დახურვა